საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი 2015 დასრულებულია

2-4 სექტემბერს  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი 2015 გაიმართა.

ამბასადორიალის ჩატარებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბოლო შვიდი წელია, მას უკვე ყოველწლიური ხასიათი მიეცა. ამბასადორიალის მიზანს წარმოადგენს წლის განმავლობაში საგარეო უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება და მომავალი სამუშაო გეგმის დასახვა.

ამბასადორიალი 2015 გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს მთავრობა და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს წარუდგინა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა შეაფასა საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიღწევები, ყურადღება გაამახვილა გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და საერთაშორისო არენაზე მათ სათანადო წარმოჩენაზე. 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თამარ ბერუჩაშვილს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის და დიპლომატებს გააცნო საკუთარი ხედვა საგარეო უწყების მომავალი საქმიანობის შესახებ. ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეუქცევადობას და პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა, კულტურული დიპლომატია და ქვეყნის სათანადო წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკური დიპლომატიის შემდგომ გააქტიურებაზე,  კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ეფექტური განხორციელების მიზნით. ყურადღება გაამახვილა ასევე საგარეო უწყების ინსტიტუციურ  გაძლიერებასა და ქართველ დიპლომატთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა საანგარიშო მოხსენებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. მან შეაჯამა საგარეო უწყების მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და მიღწევები.

ამბასადორიალზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თემატური შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებებით. მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და ცალკეული უწყებების ხელმძღვანელები, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატებს შესაბამის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებსა და მომავლის გეგმებზე. უპასუხეს დიპლომატთა შეკითხვებს და განიხილეს საგარეო უწყებასთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. დაიფარა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ: განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საზღვარგარეთ მათი ეფექტურად წარმოჩენის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მიმოხილულ იქნა ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკითხები, ასევე სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკული სექტორის  პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ. აქცენტი გაკეთდა საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და კულტურულ დიპლომატიაზე. გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებზე. განხილულ იქნა ასევე დიპლომატიური სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები. ამასთან, საქართველოს დიპლომატები შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ისაუბრეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

ამბასადორიალის ბოლო დღეს დიპლომატებს სიტყვით მიმართა საპატიო სტუმარმა - საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ.
შედგა დიპლომატთა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტმა ისაუბრა საკუთარ ხედვაზე, თუ როგორი აქცენტები უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ უსაფრთხოებასა და შავი ზღვის, როგორც ევროპის შიდა ზღვის, კონტექსტში თანამშრომლობის განვითარებაზე.

გაიმართა დასკვნითი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიზნესის განვითარებისთვის შემუშავებულ ინიციატივებს. მოუწოდა ელჩებს, უზრუნველყონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროული და რეგულარული მიწოდება. პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით ქვეყნის წინაშე არსებულ სამომავლო ამოცანებზე. აქცენტი გააკეთა იმ პროგრესზე, რასაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

ამბასადორიალის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფესტივალი „ღამის სერენადების“ ინიციატივით, გაიმართა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო - ქალბატონ ლიანა ისაკაძის კონცერტი. ღონისძიებას, დიპლომატებთან ერთად, დაესწრნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდებიც.

ტრადიციულად, ამბასადორიალის ფარგლებში განხორციელდა სპეციალური პროგრამა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის.

პოლიტიკური დეპარტამენტი