საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ქართული ენა წარადგინეს

საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ქართული ენა წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

წინა წლებთან შედარებით, 2015 წელს, ქართული ენის მონაწილეობა განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადდა საინფორმაციო მასალა ქართული ენის შესახებ, რომელიც მიეწოდა საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებს.

ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თუ კვირეულები ჩატარდა შემდეგ ქვეყნებში:

ავსტრია - ღონისძიება მიეძღვნა საბავშვო ლიტერატურას, სადაც ევროპის ოცდაორ ენაზე, მათ შორის ქართულად, გაჟღერდა ნაწყვეტები ზღაპრიდან „წითელქუდა“.
ჩეხეთის რესპუბლიკა - ღონისძიება „Speak-dating“-ის ფარგლებში თითოეული ენისთვის გამოყოფილი იყო ერთი მაგიდა, რომელზეც ღონისძიებაზე მოსულ სტუმარს უტარდებოდა ხუთწუთიანი გაკვეთილები.

სლოვენია - საქართველოს საელჩომ ენების ევროპული კვირეულის ფარგლებში, მოაწყო ქართული ენისა და ანბანის პრეზენტაცია. პარალელურად, მოეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.

უზბეკეთი - სტუდენტებს და მოსწავლეებს დაურიგდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწყო ქართული ენისა და დამწერლობის პრეზენტაცია.

შვედეთი - საქართველოს საელჩომ ღონისძიებისთვის საგანგებოდ ქართული ენის კუთხე მოაწყო, დაბეჭდა ბუკლეტები საქართველოსა და ქართული ენის შესახებ. კუთხე გაფორმებული იყო ქართულენოვანი წიგნებით და ქართული ანბანის ამსახველი პოსტერებით. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები.

ესტონეთი - ღონისძიების „ოდისევსი კვლავ მოგზაურობს“ ფარგლებში მოეწყო კუთხე, სადაც გამოიფინა ილუსტრაციები პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“. ასევე ევროკავშირის 24 ოფიციალურ ასევე ქართულ ენაზე ნათარგმნი ეპიკური პოემა „ოდისეა“.

სამხრეთ აფრიკა - ქართული ენა ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და გერმანულ ენებთან ერთად იყო წარმოდგენილი. გაკეთდა პრეზენტაცია ქართულ ენასა და ანბანზე. გაიმართა გაცნობითი ლექციები და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც საქართველოს საელჩო სტუმრებს ღვინით და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული ენისა და დამწერლობის  პოპულარიზაციაზე მიმართული პროექტების განხორციელებას. საქართველოს საელჩოებმა კანადაში, სლოვენიაში, კვიპროსის რესპუბლიკაში, სამხრეთ კორეაში მოაწყვეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. ამჟამად გამოფენა იმყოფება ლონდონში, ხოლო დეკემბერში, გამოფენის მოწყობა იგეგმება პოლონეთში.