საფრანგეთი და საქართველო თანამშრომლობის სფეროებს აფართოებენ

7.02.2017 საფრანგეთი, პარიზი - საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის ხელი შუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამის შესახებ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც პარიზში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ჟან მარკ ერომ ქართველ კოლეგას მიულოცა ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ახლო მომავალში დასრულდება.

ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და პირადად ჟან მარკ ეროს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ასეთივე წარმატებული თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის სფეროში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ტურიზმის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამთავრობო პრიორიტეტებზე და ამ კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. აღინიშნა ფრანგული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი რეგიონალურ პლატფორმად იქცეს ევროპული და მათ შორის ფრანგული ბიზნესისთვის.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მან დაგმო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ანექსიის ნებისმიერი მცდელობა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფრანგულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში.

მინისტრები ასევე შეეხნენ სამმხრივი რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს, ამ კუთხით დადებითად შეფასდა გასული წლის ბოლოს საქართველოში გამართული გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი ამბასადორიალი, მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწონ სამმხრივ ფორმატებში სხვადასხვა პლატფორმების განვითარებას.

აღინიშნა ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის  აღნიშვნის მიმართულებით, მიხეილ ჯანელიძემ ჟან მარკ ერო საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საქართველოში მოიწვია.

თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31   1 2    3    4 5
6    7  8   9   10    1112
13    14     15   16 17    18 19
20     21        22 23    24    25   26  
27  2812345
6789101112