საქართველომ და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

5.10.2016 თბილისი - 2016 წლის 4 ოქტომბერს ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის ელჩმა ჩარლზ ლეპანიმ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის საელჩოში, პაპუა ახალი გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი აღმატებულება რიმბინკ პატოს გარემოცვაში.

მხარეებმა ოქმის ხელმოწერით ხაზი გაუსვეს სურვილს და მზადყოფნას, განავითარონ კეთილმეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და წესების სრული დაცვის საფუძველზე.

პაპუა ახალი გვინეა 188-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.  საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, როგორც საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ასევე უკეთესი საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმირებაში წვლილის შეტანის მიზნით.