საქართველოსა და გაიანას რესპუბიკას შორის მთავრობათაშორის შეთანხმება გაფორმდა

2015 წლის 24 მარტს, ქ. ჯორჯთაუნში, საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაროლინ როდრიგეს-ბირკეტმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მთავრობათაშორის შეთანხმებას „დიპლომტიური, ოფიციალური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის“ შესახებ. 

მხარეებმა ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ გაიანელი სტუდენტებისათვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მიზნით დამატებითი სტიპენდიების გამოყოფისათვის. გაიანაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კარიბის ქვეყნების გაერთიანების (CARICOM) სამდივნოში. ელჩი ასევე ვიზიტით იმყოფებოდა სურინამში, სადაც გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი,