საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლეს დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელიც დაეთმო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით გაწეულ ძალისხმევას.
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. სტრატეგიული დიალოგის მონაწილეებს ევროკავშირის მხრიდან კი ხელმძღვანელობდა ევროპის საგარეო ქმედებათა გენერალური მდივანი ალან ლე როუ.
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად ემსჯელათ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევით, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგებზე.
ევროკავშირმა დაგმო ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერა და ცნო, როგორც უკანონო აქტი, რომელიც აფერხებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით ამჟამად მიმდინარე ძალისხმევას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებული მდგომარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თანათავმჯდომარეებთან გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, რისი უფლებამოსილებაც მას მინიჭებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში.
ხაზგასმით აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მიერ  განხორციელებული უკანონო ქმედებების ფონზე. საქართველოს მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ქმნის კონფლიქტის გადაწყვეტისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან ჩართულობის თვალსაზრისით. ორივე მხარემ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყანაში და მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვეს  კიდევ უფრო გააძლიერონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი