საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები

2015 წლის 25 თებერვალს საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვეპა ხაჯიევმა  და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების დეპარტამენტის  წარმომადგენელმა, თურქმენეთისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა.

კონსულტაციებზე აღნიშნა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა,  განხილული იქნა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები. საუბარი შეეხო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებასა და პერსპექტივებს და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას მაღალ და უმაღლეს დონეზე. 

მხარეების მიერ გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების  აქტუალურ საკითხზე და ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

2015 წლის 25 თებერვალი

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი