საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

2015 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი. ინდონეზიის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ამერიკის და ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი, ბატონი დიან ტრიანსიაჰ ჯანი. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ჯალაღანია.
 
კონსულტაციების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიის  რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რაც მოიცავს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას. მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის მიზნით.
 
ინდონეზიის მხრიდან გამოითქვა დიდი დაინტერესება საქართველოში შექმნილი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, ასევე სამოქალაქო სერვისების განვითარების სფეროში შექმნილი ინოვაციური სერვის-ცენტრების ეფექტური მართვის საკითხში საქართველოს მდიდარი გამოცდილების გაზიარების შესახებ. ამ მიზნით, ინდონეზიის მხარე გეგმავს საქართველოში უახლოეს პერიოდში მოავლინოს შესაბამისი უწყებრივი დელეგაცია, აღნიშნული საკითხების ადგილზე გაცნობის მიზნით, ასევე 2016 წელს ქ. თბილისში ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას, რომელშიც მრავალი ინდონეზიელი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას.
 
კონსულტაციების დროს მხარეების მიერ მიმოხილულ იქნა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში არსებული მდგომარეობა. ბ-ნმა დიან ტრიანსიაჰ ჯანიმ დაადასტურა ინდონეზიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
 
კონსულტაციების დასრულების შემდეგ ბატონმა დიან ტრიანსიაჰ ჯანიმ და ბატონმა დავით ჯალაღანიამ ხელი მოაწერეს ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.