საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 9 ივნისს, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებს შორის.

კონსულტაციებს, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი დაფნე ბერგსმა (DAPHNE BERGSMA).
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან,  ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას; თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ასევე ტურიზმის  სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას. გამოითქვა იმედი, რომ ჰოლანდიური მხარე ივნისის ბოლოს მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი.

შეხვედრაზე ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონმა ბერგსმამ შეხვედრები გამართა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.