საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის შესახებ თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი

2015 წლის 27 თებერვალს, რუმინეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და  რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბოგდან აურესკუმ  ხელი მოაწერეს რუმინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის  თანამშრომლობის პროგრამას კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. აღნიშნული პროგრამა ხუთწლიანია.
 
კულტურის სფეროში იგი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე კულტურის სფეროს ექსპერტთა და კულტურის მოღვაწეთა  გაცვლით პროგრამებს.  
 
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა გულისხმობს სხვადასხვა  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას. პროგრამა, ასევე, ხელს შეუწყობს  სტუდენტთა და მკვლევართა გაცვლით ღონისძიებებსა და   ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას.
 
ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს ორი ქვეყნის ახალგაზრდულ  და  სპორტულ ორგანიზაციებს შორის კონტაქტების განვითარებას; სპორტული შეჯიბრებებისა და გაცვლითი პროგრამების გამრავალფეროვნებას. ორ ქვეყანას შორის მასმედიის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს ნაციონალურ ტელევიზიებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას, ასევე,  ექსპერტთა და ჟურნალისტთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და ამ მხრივ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებას  როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ევროპული ფასეულობების მიმართულებით.
 
2015 წლის 27 თებერვალი
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი