საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2016 წლის 10 ივნისს, ქ. ასტანაში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები.

ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ყაზახეთის მხრიდან - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალიმჟან კოიშიბაევი.  

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა მთელ სპექტრზე. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.

კონსულტაციების ფარგლებში ასევე  შედგა მიმდინარე ორმხრივი სამართლებრივი დოკუმენტების შედარება.

კონსულტაციების მსვლელობისას, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და 8-10 ივნისს ქ. ასტანაში წარმატებით გამართულ საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ყაზახურმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.