საქართველოსა და ჩილეს შორის ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას

25-26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკას ეწვია. სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერალდო მუნიოსთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ედგარდო რივეროსთან.

შეხვედრებზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში

გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე  . თბილისში გაიმართოს. აგრეთვე განხილულ იქნა პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ჩილეს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.


 შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს  მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს

ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტით დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში.​

    
    




პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი