საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი

2015 წლის 4 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას - EFTA (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო EFTA-ს მხრიდან - ნორვეგიის ვაჭრობის, მრეწველობისა და თევზის რეწვის სამინისტროს სავაჭრო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იან ფარბერგი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა.

სხდომაზე მხარეებს შორის შეთანხმდა საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართოს ქ. თბილისში 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში. მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების გამართვის პროცედურული საკითხები და დააფიქსირეს შეთანხმების მიმართ მხარეთა პირველადი პოზიციები.

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ყოვლისმომცველი, შეთანხმება, რომელიც დაფარავს როგორც საქონლით ვაჭრობის სატარიფო ლიბერალიზაციის საკითხებს, ასევე არასატარიფო ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას. საქართველოს EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს ქვეყნის საქონლისა და მომსახურების პრეფერენციულ დაშვებას მნიშვნელოვან ბაზარზე და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. ასევე, ამ ქვეყნებში გაზრდის საქართველოს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ქვეყნის მიმზიდველობას.

საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება EFTA-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ 2014 წლის 17 ნოემბერს მიიღო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ჩათვლით, ბუნებრივად შექმნა ურთიერთხელსაყრელი ფონი საქართველოს და EFTA-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.  საქართველო EFTA-სთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების პროცესს, განიხილავს,  როგორც მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ევროპის სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციის მიმართულებით.

EFTA-ს სამდივნო ასევე ახორციელებს ტექნიკური დახმარების პროექტებს, რომლის ფარგლებში ორგანიზაცია საექსპერტო დახმარებას უწევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.  
 ამჟამად EFTA-ს  35 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.   EFTA-ს,  როგორც ერთიანი თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართ პარტნიორი ქვეყნების დაინტერესება დიდია.  მსოფლიოში სავაჭრო გაერთიანებებს შორის ორგანიზაცია საქონლის ვაჭრობის მოცულობით მე-12 ადგილზეა. EFTA-ს ქვეყნების მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.