საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

2015 წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის მმართველ კომიტეტთან შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილოება მიიღო საქართველოს იმ უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა  და შესაბამის ინსტიტუტებმა, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ სიტყვით მიმართა შეხვედრაზე დამსწრე პირებს.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, 2013 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. 2014 წლის 6 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიონ იაგლანდის საქართველოში ვიზიტისას გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლებში სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრულყოფილად შესრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება ხდება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებათა დაცვა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატია, შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ნდობის აღდგენის მექანიზმები.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შესრულებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე განხილულ იქნა სამოქმედო გეგმაში შესაძლო ცვლილებების შეტანა და დონორების მოძიების საკითხები.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ევროპის საბჭო ახორციელებს ევროკავშირთან ერთად.

2015 წლის 24 თებერვალი
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი