საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა - მიხეილ ჯანელიძე

27.01.2017, თბილისი - ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმების შესახებ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მან მკაცრად დაგმო აფხაზეთის ე.წ. მთავრობის განზრახვა, რომელიც   საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  ე.წ. გამშვები პუნქტების ექვსიდან ერთამდე  შემცირებას  ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძემ მოსალოდნელ სავალალო შედეგებსა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის საფრთხეებზე ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვა კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას, კიდევ უფრო შეზღუდავს ადგილობრივ მცხოვრებთა  გადაადგილების თავისუფლებას და შეუქმნის მათ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა და ყველა სხვა მიმართულებით“.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად,  საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ბერკეტები გააჩნია, რაც, პირველ რიგში,  საერთაშორისო ფორმატებში მაქსიმალურ აქტივობას უკავშირდება.

„ეს საკითხი  განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე ორმხრივ ფორმატში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ჟენევის ფორმატში მონაწილე ქვეყნებთან.  ეს საკითხი  დავაყენეთ როგორც ეუთოს, ისე ევროპის საბჭოს ფარგლებში. მხარდაჭერა გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,  კანადამ, ევროკავშირმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, განცხადება გააკეთა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი შეფასებით, პარტნიორებთან კომუნიკაციით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება  სისრულეში არ იქნეს მოყვანილი და ხელი არ შეეშალოს ადგილობრივ მკვიდრთა თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას.

„საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“ - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.