საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ნატალია გერმანთან და პავლო კლიმკინთან. შეერთებული შტატების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი,  ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ჩარლზ კაპჩანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ბრიჯიტ ბრინკი.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების არსებული გამოწვევები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. 
საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებისა და წარმატებული რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა სამივე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ, გამოთქვა მზადყოფნა დახმარება გაუწიოს აღნიშნულ ქვეყნებს და საერთაშორისო არენაზე მოახდინოს შესაბამისი მხარდაჭერის კონსოლიდაცია. 

შეხვედრაზე უსაფრთხოების არსებულ ვითარებაზე საუბრისას საქართველოს მხრიდან განსაკუთრებით გაესვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიისა და ოკუპაციის საკითხს. 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე საუბრისას ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მათ შორის, თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.