"საქართველოს ადგილი ევროპის დიდ ოჯახშია"- პოლონეთის სენატის მარშალი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირსა და ზოგადად ევროპის სივრცეში შექმნილ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დასავლეთი ბრიტანეთში ჩატარებულო რეფერენდუმის შედეგად დადგა.

პოლონურ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე ცალსახად აღინიშნა, რომ ევროპა დღეს საჭიროებს მყისიერ კონცენტრაციას ევროპის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემდგომი რეფორმირების მიმართულებით, ამ გზაზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების ძიება.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ხაზი გაუსვა პოლონეთის შემდგომ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ბრექსიტის შედეგების მიუხედავად ევროპული სივრცე განაგრძობს განვითარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ წევრი ქვეყნების, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც. "ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი საუბარი, ასევე, შეეხო იმ სიტუაციასა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც იმყოფება ევროპა ბრექსიტის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის დიდ ოჯახშია. პოლონეთი უჭერდა და მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს“, განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

თავის მხრივ საქათველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას კვლავაც გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ორი მიმართულებით - საქართველოს დემოკრატიზაციის, მისი რეფორმირების და რეგიონში წარმატებული მაგალითის შექმნის გზით და ასევე საქართველოს პირდაპირი სამხედრო კონტრიბუციით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

შეხვედრებზე ასევე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომართულებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებული თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ ტრადიციას და დინამიკას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების არსებობის მნიშვნელობა და მათ მიერ გაწეული საქმიანობა. საუბარი შეეხო საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო პროცესის დემოკრატიული სტანდარტებით უზრუნველყოფისთვის. მან პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის დელეგაცია არჩევნების პროცესზე დამკვირვებლებად მოიწვია. პოლონეთის სენატის მარშალის განცხადებით, სენატი დააკვირდება საქართველოში არჩვენების მიმდინარეობას. "ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. პოლონურმა მხარემ გამოთქვა თავისი ძლიერი სურვილი, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული. პოლონეთი, თავის მხრივ, სენატის სახელით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს“, განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ეწვია ვარშავის აჯანყების მუზეუმს.