საქართველოს-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

18.12.2016 თბილისი - 2016 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 

აღნიშნული შეხვედრის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის საკითხებისა და ჯანდაცვის სფეროში.
 
საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ხოლო ამერიკული მხრიდან კი - ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია.
 
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.