საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

2016 წლის 15 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ცრნადაკთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი.
 
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროების გააქტიურების საკითხს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების მექანიზმებს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს როლზე.
 
მინისტრებმა ისაუბრეს სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების პერსპექტივაზე და უახლოს მომავალში, განხილვის ეტაპზე მყოფი შეთანხმებების ხელმოწერის სურვილი გამოთქვეს.
 
ყურადღება, ასევე გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. 
 
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე.
 
შეხვედრაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
"ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. მათ გაიარეს დიდი ხნის წინ ის პროცესი, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.  შევთანხმდით, რომ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს სექტორალურ თანამშრომლობას, კონტაქტებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გავცვალოთ, გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს ამ მიმართულებით, რათა საერთო ღირებულებებისადმი სწრაფვა  ორივე ქვეყნისთვის იყოს წარმატებული. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ სახელშეკრულებო ბაზაზე. რამდენიმე ხელშეკრულება მზადდება ხელმოსაწერად, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ, კოლეგა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
 
„ჩემი დღევანდელი ვიზიტი, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. შეხვედრაზე  ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, იმ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ გვსურს განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები  ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის  სფეროებშიც. შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ბიზნეს წრეების დაახლოვების ხელშეწყობაზე“ - განაცხადა იგორ ცრნადაკმა.
 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15 აგვისტოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.