საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ჟენევაში გამართულ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 74-ე სესიაში

25.01.2017 ჟენევა - ქ. ჟენევაში, ბავშვის უფლებათა კომიტეტის 74-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა  ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი მე-4 პერიოდული ანგარიშის განხილვა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ბავშვის უფლებათა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები. 
 
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა თოთლაძემ კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიმოიხილა ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით, განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა. თავის გამოსვლაში, დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის მხრივ, არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
 
განხილვა მიმდინარეობდა ღია დიალოგის რეჟიმში და მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეცვალათ ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციის სხვადასხვა საკითხზე. აღნიშნული სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა  ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; ბავშვების ჯანდაცვა და განათლება; ბავშვზე ზრუნვის სისტემა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობა; ქუჩაში მცხოვრები  და მომუშვე ბავშვები; არასრულწლოვნები პენიტენციურ დაწესებულებებში;  ბავშვების მიმართ ძალადობაზე ახალი რეფერალური მექანიზმის ამოქმედება და სხვა. აღინიშნა ასევე ის საკითხები, რომლებიც კვლავ გამოწვევად რჩება.
 
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს კონვენციის იმპლემენტაციის მხრივ, საქართველოში განხორციელებული რეფორმები. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ კანონმდებლობის კუთხით არის მნიშვნელოვანი წინსვლა. ამასთანავე, აღინიშნა ის სფეროები სადაც საჭიროა დამატებითი რეფორმების განხორციელება.

კომიტეტის წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების კომიტეტთან თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობა  დასტური იყო ხელისუფლების სურვილსა, რომ საფუძვლიანი დიალოგი შემდგარიყო კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კომიტეტისადმი დასკვნითი მიმართვაში, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა მომავალში კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებასა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის ფარგლებში.
 
განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, განხილვის ტრანსლაცია ხორციელდებოდა პირდაპირ რეჟიმში, რაც დაინტერესებულ მხარეებს აძლევდა საშუალებას თვალი ედევნებინათ სესიის მიმდინარეობისთვის.