საქართველოს ეწვია განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია

თბილისი, 30 აგვისტო 2016  - საქართველოსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ. განას რესპუბლიკა სხვადასხვა სფეროში საქართველოს  გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა. 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს განას საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ედვინ ადჯეი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან  განას საგარეო უწყების ევროპული ბიუროს დირექტორი რამსეს კლელანდი, საქართველოში განას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. თეირანი) ალჰაჯი ბავა გუბერტ აიემბილაჰი და საელჩოს მრჩეველი ჰერბერტ ედი-ნეთთი. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ განას რესპუბლიკის მხრიდან მაღალი დონის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში.   

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს შორის   პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა საქართველოსა და განას რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-განას ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართოს რეგულარულად, ხოლო შემდეგი შეხვედრა 2017 წელს ქ. აკრაში შედგეს. 

პოლიტიკური კონსულტაციების დასრულების შემდგომ განას დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარებმა მზადყოფნა გამოთქვეს შენარჩუნდეს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს არსებული ურთიერთობის  დადებითი დინამიკა, მათ შორის გაიცვალოს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები. სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს საქართველოში გატარებული რეფორმებით და მზადყოფნა გამოთქვეს მთელ რიგ მიმართულებებში (კარგი მმართველობა, ბიზნესის წარმოება, საბაჟო ინსპექტირება და სხვა) საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ.

ვიზიტის ფარგლებში განას დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოში გატარებული რეფორმების ადგილზე გაცნობის მიზნით დაგეგმილია მათი საინფორმაციო ვიზიტები იუსტიციის სახლში, ტექნოლოგიურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და ქ. თბილისის ეკონომიკური გაფორმების ზონაში. დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გაეცნობა ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.