საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან

2015 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე, რომელმაც ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში (ამბასადორიალი). ნორვეგიელი მინისტრი მოხსენებით წარდგა ამბასადორიალის დასკვნით სესიაზე.
 
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.
 
გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურ ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში. მან ხაზი გაუსვა „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
 
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბორგე ბრენდეს ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
 
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და მომავალში უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. ბორგე ბრენდემ ხაზი გაუსვა ნატო-ს სამშვიდობო  მისიებში საქართველოს მეტად ღირებულ მონაწილეობას.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ და ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვია სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
 
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს სამთავრობო შეთანხმებას „ორ ქვეყანას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“.
 
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბორგე ბრენდეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია