საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის გამოსამშვიდობებელი სადილი საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ იუე ბინთან

2015 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელით გაიმართა გამოსამშვიდობებელი სადილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუე ბინის საპატივცემულოდ, საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
 
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა. ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

ამასთან, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრენდირებული მინის სამახსოვრო სუვენირი.
 
გამოსამშვიდობებელ სადილს ასევე ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე ხელმძღვანელი.
 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იუე ბინს, რომელიც საქართველოში ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მსახურობდა, საქმიანობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება.