საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას

2015 წლის 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის უმაღლეს დონეზე მიმდინარე დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენს. ქართულ-გერმანული თანამშრომლობის განსაკუთრებულ ხასიათს ცხადყოფს ისიც, რომ 2017 წელი გამოცხადდა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქმიანი წრეების, წამყვანი ფონდებისა და კვლევითი ცენტრების, ისევე როგორც მას-მედიის წარმომადგენლებთან.
 
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან (Frank-Walter Steinmeier) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან (Christoph Heusgen) შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და პრიორიტეტები, ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს. 
 
საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია ქართული და გერმანული მას-მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.  
 
გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU-CSU) ფრაქციის  თავმჯდომარის მოადგილესთან, ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან გერდა ჰასელფელდტთან (Gerda Hasselfeldt) შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის  ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც პოზიტიური დინამიკით აღინიშნება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მიმდინარეობას და ხაზი გაესვა ამ პროცესში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან, გერმანელ დეპუტატს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ. 
 
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ეკონომიკური შინაარსის მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტისა და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებზე, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ ბიზნესს მოუწოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური/საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. თავის მხრივ, გერმანელმა ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოხატეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის მიმართ და ვიცე-პრემიერისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანასა და რეგიონში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
 
ამას გარდა, ვიზიტის ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით ორგანიზებული ორმხრივი ეკონომიკური სემინარის მონაწილეებთან.
 
ბერლინში სტუმრობისას გიორგი კვირიკაშვილი ასევე საგანგებოდ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ქართულ-გერმანული ურთიერთობების კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობენ.
 
ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა გერმანულ ფონდებთან, კერძოდ: კონრად ადენაურის ფონდის თავმჯდომარესთან ჰანს-გერტ პოეტერინგთან (Hans-Gert Pöttering) და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან (Volker Perthes). საუბრებისას ყურადღება დაეთმო ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას და პერსპექტივებს.
 
ამას გარდა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელი ექსპერტ-პოლიტოლოგები ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან. გიორგი კვირიკაშვილმა შესავალ სიტყვაში მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები და უპასუხა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს.
 
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა ინტერვიუები მისცა წამყვანი მედიასაშუალებების: ტელეარხის „Deutsche Welle“, გაზეთის „Süddeutsche Zeitung“ და გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ დაწვრილებით გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები და გატარებული რეფორმები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები.