საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონელ კოლეგას მარინა კალიურანდს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონელ კოლეგას მარინა კალიურანდს შეხვდა, რომელიც 9-10 ნოემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული ორმხრივი ვიზიტები და ისაუბრეს მიღწეული შეთანხმებების განხორციელების გეგმებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალზედ აფასებს ესტონეთის დახმარებას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ უფრო და უფრო ფართოვდება თანამშრომლობის სფეროები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ესტონეთი მომავალშიც გააგრძელებს გამოცდილების გაზიარებას საქართველოს საჭიროებიდან და სურვილიდან გამომდინარე.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში პროცესი წარმატებით დასრულდება. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონტაქტების გაძლიერებას და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უფრო დაახლოებს.

მინისტრებმა მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. მარინა კალიურანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.

საერთაშორისო არენაზე ესტონეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც მარინა კალიურანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონში არსებული მდგომარეობა. შეხვედრის ბოლოს მარინა კალიურანდმა გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში მიიწვია.

მარინა კალიურანდი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ და გამართავს საჯარო ლექციას ილიას უნივერსიტეტში. დღეს იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად უკვე დაესწრო „თვინინგის“ პროექტის, „საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა II“, ინაუგურაციას, რომლის მთავარი პარტნიორი ესტონეთია. მან ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.