საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდა

2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და ადგილზე მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ადმინისტრაციულ საზღვარზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დღეს, საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ მინისტრს გაუზიარა შთაბეჭდილებები იქ არსებული მდგომარეობის შესახებ.

ბატონი ნილს მუჟნიეკსი ასევე დაინტერესდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და მისი ზეგავლენით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების გაგრძელების აუცილებლობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. 

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დაგეგემილი აქვს შეხვედრების გამართვა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.  ასევე შეხვედრები გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.