საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. 

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ აგრესულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებზე. 
აღინიშნა ეუთო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელსაც ეუთო ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს. "ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთადორისო მოლაპარაკებების სახით. ეუთო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ჩართულობას ამ პროცესში ჩემთვის ასევე კარგი შესაძლებლობა იყო მესაუბრა ახალ მინისტრთან ეუთო-ს როლზე სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში"-განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.