საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა ეუთოს მინისტერიალზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც 2015 წლის 3 დეკემბერს ბელგრადში ოფიციალურად გაიხსნა.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პლენარული სხდომის დაწყებამდე აშშ-ს ინიციატივით მოხდა საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლების ხანმოკლე შეხვედრა, რითაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.  ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საკითხების, მისი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენას ორგანიზაციის ფარგლებში.

 ეუთო-ს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე სიტყვით გამოვა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, სადაც განცხადებას გააკეთებს უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-ს სივრცეში და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.​