„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია მაქსიმალური ძალისხმევა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

26.12.2016 თბილისი - ​„საქართველოს მთავრობა  მოწოდებულია მაქსიმალური ძალისხმევა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად,  რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,“ ამის შესახებ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას.  

მინისტრმა საქართველოს საგარეო უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებად ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოება,  ევროკავშირის პროგრამებში აქტიური ჩართულობა,   დარგობრივი დიალოგის და სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს მთვარობა აქტიურად მუშაობს საქართველო-ევროკავშირის სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქართული სექტორების  ევროპულ დონესთან დაახლოებას გულისხმობს. ამავდროულად საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის კულტურის, განათლების, სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული ევროკავშირის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. 

„ჩვენი მიზანია მჭიდრო თანამშრომლობა თითოეულ ევროპულ პროგრამასთან და სააგენტოსთან, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ქვეყნის სტანდარტების მაქსიმალურად მატარებელი, მაქსიმალურად გახსნილი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით რომ როდესაც ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის, ამისთვის ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის წევრებთან დადებითად შეაჯამა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი.  მისი განცხადებით საქართველო პირველად იქნა მოხსენიებული  ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის დოკუმენტში, როგორც ერთ-ერთი „სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კუთხით ევროკავშირის ერთ-ერთი დასაყრდენი პარტნიორი ,“ რაც  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველია.

მისი თქმით, გაწეული წარმატებული სამუშაოს და მოპოვებული ნდობის ნათელ დასტურს  პოლიტიკური, სექტორული, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

როგორც საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელება. ამ კუთხით მისი თქმით ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა 2017-2020 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგზე და ასევე პირველად მთავრობის ინიციატივით,  შემუშავების ეტაპზე მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში - გაიმართა არაერთი კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს ასეთი მაგალითი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით ევროკავშირის მხრიდან შეფასდა როგორც უპრეცედენტო მოვლენა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის.

პარლამენტში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომას და საპარლამენტო არჩევნების და ახალი მთავრობის დამტკიცების  შემდგომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის  მიერ  განხორციელებულ პირველ ვიზიტს ბრიუსელში, რითაც ცალსახად ხაზი გაესვა ხელისუფლების ურყევ კურსს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.