საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების ხელყოფას, კერძოდ კი 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ მოკლულ იქნა მოქალაქე გიგა ოთხოზორია. მკვლელობა ჩადენილ იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

საანგარიშო პერიოდში, კერძოდ კი 2016 წლის 1 აპრილს ამოქმედდა ე.წ. „კანონი აფხაზეთში უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობაზე„ და ე.წ. “კანონი აფხაზეთში შესვლისა და გამოსვლის თაობაზე”. აღნიშნული ე.წ. „კანონების მიღება“ პირდაპირ კავშირშია ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალ პროცესთან. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალ პროცესს და ეთნიკური  ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

Second Quarterly Report (April - June 2016) of the Ministry of Foreign Affairs of Georgia on the Human Rights Situation in the Occupied Regions of Georgia