საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარადგინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც მთავრობის მეთაურის ახალ კანდიდატურაზე იმსჯელეს დღეს გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობამ  პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა გაუგზავნა. თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.
 
სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
 
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია.
„ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ნათელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და სწორად შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. ჩემი პრინციპი ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ. ასე, რომ მე ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიე. ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
 
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მან და ირაკლი ღარიბაშვილმა, ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გააკეთეს და წილად ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო ვიცე-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და ეცდება, მაქსიმალურად დაიხარჯოს ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომამდე ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა.