საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაცნობითი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

2015 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის გაცნობითი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან (რეზიდენციით ბაქო).

თამარ ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ავსტრიას შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. მან მადლობა გადაუხადა ავსტრიის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ყურადღება დაეთმო 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობას, მოლოდინებსა და გეგმებს. თამარ ბერუჩაშვილმა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის თვალსაზრისით კონკრეტული შედეგების წარმოჩენასთან ერთად, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობას, რიგის სამიტისთვის დაასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც გახდება ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შესაბამისი დადებითი რეკომენდაციის შემუშავების საფუძველი.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტად გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ავსტრიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში.