საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ახალგაზრდა წევრები მიიღო

2015 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში  გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
 
18 წევრისგან შემდგარი დელეგაცია მიმდინარე წლის 20-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით არაოფიციალური სასწავლო ვიზიტით იმყოფება საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ეკონომიკურ მდგომარეობას და კულტურას. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ყოველწლიურად სტუმრობენ აღმოსავლეთ ევროპის ერთ რომელიმე ქვეყანას, ხოლო მიმდინარე წელს მათ საქართველო აირჩიეს.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა გერმანელი ახალგაზრდების ჯგუფს ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმდინარე პრიორიტეტები. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს. 
 
გიგი გიგიაძემ ამომწურავი პასუხი გასცა გერმანელი სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს.