საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლატვიის ელჩთან მომავალ წელს დაგეგმილი ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები განიხილა

21.12.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილსა და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  იანის ზლამეცს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო - ლატვიის  ორმხრივ ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს  2017 წელს  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2017 წელს ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე.  ხაზი გაესვა ნორდიკულ-ბალტიკურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ლატვიის,  როგორც 2016 წელს ნორდიკულ-ბალტიური თანამშრომლობის ფორმატის თავმჯდომარე ქვეყნის როლს.  მინისტრის მოადგილე მიესალმა ლატვიის კოორდინაციით  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებზე  და ამ ფორმატში   განსახილველ საკითხებზე.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პროგრესს, რაც ლატვიის ელჩის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ლატვიის მხარდაჭერისთვის.