საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

2015 წლის 9 ნოემბერს, მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ნატალია გალიბარენკოსთან, რომელიც საქართველოში იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისაკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიზნით.

შეხვედრისას გიგი გიგიაძემ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საუბარი, ასევე შეეხო რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირის სტრუქტურებთან თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება.