საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი სტრასბურგში

2015 წლის 3-4 ნოემბერს ევროპის საბჭოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

 

ვიზიტის ფარგლებში, 3 ნოემბერს დავით დონდუამ გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან ასევე დააფიქსირა, რომ გაგრძელდება კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა და საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრები ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელთან ალექსანდრე გესელთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან და ევროპის საბჭოს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.