საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

2015 წლის 29 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატთან მწვანეთა პარტიიდან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტისა და ოჯახის, პენსიონერთა, ქალთა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრთან დორის ვაგნერთან.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქართულ-გერმანულ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ასპექტებს.
 
გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის დეპუტატს გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური და ურყევი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით რეგიონში არსებული სერიოზული გამოწვევების გათვალისწინებით.
 
დორის ვაგნერი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ხედვით ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის, რეგიონში არსებული ვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ. 
 
საუბრისას ასევე აღინიშნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
 
დორის ვაგნერი 27-დან 30 ივლისის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.