საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ელჩ ანდრეას პეშკესთან (Andreas Peschke).
 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებას და გამოწვევებს. დავით ჯალაღანიამ მადლობა გადაუხადა ელჩ პეშკეს გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა გერმანიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების სფეროში გაწეულ განსაკუთრებულ წვლილს.
 
ანდრეას პეშკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ბერლინის მზაობას საქართველოსთან მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. 
 
დავით ჯალაღანიამ გერმანელ დიპლომატს ასევე გააცნო საქართველოს ოფიციალური ხედვა და პოზიცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
 
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო და გერმანია შემდგომშიც აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორივე ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.    
 
ანდრეას პეშკე რეგიონული (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს თბილისს. იგი აგრეთვე შეხვედრებს მართავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან და მონაწილეობს თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში.