საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ისრაელის სახელმწიფოს ვიზიტით ეწვია

2015 წლის 26-27 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით ეწვია ისრაელის სახელმწიფოს.

დელეგაცია შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ციპი ჰოტოველის და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილეს და მრავალმხრივი ურთიერთობების დირექტორატის ხელმძღვანელს, ჯერემი ისახაროვს.

ციპი ჰოტოველისთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებებით ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას და გამოითქვა მზადყოფნა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის განსაკუთრებით ვაჭრობისა და ინვესტირების კუთხით. ისრაელის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გაზიარებისთვის. აღნიშნული საკითხების დეტალური განხილვა გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის მორიგი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. ჯერემი ისახაროვთან შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები და აზრთა ურთიერთგაცვლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების თაობაზე.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დელეგაციას ასევე უმასპინძლა იერუსალიმის პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, თეოფილოს III-მ.