საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

2015 წლის 5 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძესა და ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შორის. პოლიტიკური დირექტორები თბილისს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.

გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებს  საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

თავის მხრივ, პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურმა დირექტორებმა შეხვედრები ასევე გამართეს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან.