საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს განვითარების პროგრამის, გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილესა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს ჯიჰან სულთანოღლუს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰეიმო ლააკონენს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ინგიბიორგ გისლადოტირს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხები. მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საქართველოში ქალთა უფლებების განმტკიცების მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში: „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიღებისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. დავით დონდუამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს მონაწილეობის მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.