საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

2015 წლის 13 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ნიკოლას ბერლინერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის მოკლედ ისაუბრეს ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში, მ.წ. 12 ნოემბერს გამართული დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე მ.წ. 13 ნოემბერს დაგეგმილი ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის თაობაზე.

საუბრისას მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები.

აგრეთვე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის გლობალური კლიმატის სწრაფ ცვლილებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე.