საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი მიიღო

2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბეტინა კადენბახთან.
 
ელჩმა კადენბახმა მინისტრის მოადგილეს გადასცა ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წელს დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან მიწვეულ დიპლომატებს შეუძლიათ მონაწილეობა. გიგი გიგიაძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროგრამები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში გაწეული დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
 
გიგი გიგიაძემ და ბეტინა კადენბახმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა 2015 წლის 16 ნოემბერს ბრიუსელში ჩატარებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა. ამასთან, ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახლო მომავალში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს.  
 
შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.