საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა

2016 წლის 3 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ჯალაღანიამ მიიღო ფილიპინების რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა), ქალბატონი მარია როვენა მენდოსა სანჩესი.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა სრული სპექტრი და ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივები. დააფიქსირეს მზადყოფნა, რომ ახლო მომავალში ქ. თბილისში გაიმართოს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი, რომლის დროსაც მხარეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ საკითხებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კონტაქტების გამყარებასა და ამ თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მხარეებმა აღნიშნეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა კულტურის სფეროში და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკაში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და ქვეყნების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, კარგი მმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და კავშირების გაძლიერებას ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებათა შორის.

ელჩმა დააფიქსირა ფილიპინების მხარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციას შორის (ASEAN), მას შემდეგ, რაც 2017 წელს მისი ქვეყანა ორგანიზაციის თანამშრომლობას გადაიბარებს.