საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

2016 წლის 4 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. აღნიშნეს უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა მრავალი მიმართულებით და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ახლო მომავალში გამართვის მნიშვნელობას და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე. ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხები, მათ შორის მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი კატარის სახელმწიფოს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების ვიზიტები საქართველოში.