საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

2016 წლის 5 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩთან (რეზიდენციით ქ. კიევი) ნინიეკ კუნ ნარიატიესთან, რომელიც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი და პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციებისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვას როგორც საქართველოში, ისე ინდონეზიაში, რაც მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისა და ერთმანეთის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. ნარიატიემ გამოხატა მზადყოფნა ინდონეზიის საგარეო უწყებაში მისი დაბრუნების შემდგომ ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კონტაქტების გამყარებას და ამ თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

დასასრულს, დავით ჯალაღანიამ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და  გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.