საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანულ-პოლონური გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 20 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო გამოფენის - „პოლონელები და გერმანელები. დიალოგის ისტორია“ ოფიციალურ გახსნაში, რომელიც ეძღვნება გერმანიასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 25-ე წლისთავს. ღონისძიება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოების ორგანიზებით მოეწყო.
 
მისასალმებელ სიტყვაში გიგი გიგიაძემ გერმანელ და პოლონელ ხალხებს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე და აღნიშნა, რომ გერმანია-პოლონეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები თანამედროვე ევროპაში კეთილმეზობლობის წარმატებული მაგალითია. მან ასევე ისაუბრა საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.  
 
ნიშანდობლივია, რომ გერმანიასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობისა და მეგობრული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება თბილისში, რასაც ქართული მხარე განსაკუთრებით მიესალმება.