საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი და მისი მოადგილე მიიღო

25.01.2017 თბილისი - 2017 წლის 24 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი მიიღო.

საუბარი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს შეეხო. აღინიშნა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა და გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიელ დიპლომატებს შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციასთან გაწეული შუამავლობისთვის. ხაზი გაესვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ასევე ყურადღება დაეთმო სამთო ტურიზმის, რეგიონთაშორისი, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
 
შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიული მხარის მზაობა, კვლავაც შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.