საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში

2015 წლის 4-5 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია. აღსანიშნავია, რომ ეს მონტენეგროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
 
ვიზიტის ფარგლებში  მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუიანოვიჩთან, პარლამენტის პრეზიდენტთან რანკო კრივოკაპიჩთან, პრემიერ-მინისტრთან მილო დიუკანოვიჩთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან და თავდაცვის მინისტრთან მილიცა პეინოვიჩ-დიურისიჩთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები, რა მიზნითაც მხარეების გადაწყვეტილებით  მიმდინარე  წლის ბოლომდე  ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები   გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. საუბარი შეეხო  საქართველოსა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. მინისტრმა მონტენეგროს მხარეს წარმატება უსურვა ალიანსში გაწევრიანების პროცესში. თავის მხრივ მონტენეგროს მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა გამოთქვეს  მზადყოფნა გააქტიურდეს თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების ფორმატში.

აღინიშნა მონტენეგროსთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მონტენეგრომ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხში.

საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის,  კულტურისა და განათლების სფეროებში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების  გათვალისწინებით თავისუფალის სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობებზე.

თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროს მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული ვითარება. მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ოფიციალური შეხვედრის დროს მონტენეგროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს. ასევე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევა შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილი „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით. მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში - TO BE SECURE FORUM.

01_t.jpg02_t.jpg03_t.jpg04_t.jpg05_t.jpg06_t.jpg07_t.jpg08_t.jpg09_t.jpg