საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შესახებ

2015 წლის 19 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. "მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერის თაობაზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომას სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხსენებული ქმედება, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ცხინვალის რეგიონის ფაქტიურ ანექსიას წარმოადგენს.

გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ დააფიქსირა, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას.  

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ისევე როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა ადგილობრივ მოსახლეობას ყოფს და აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ბ-ნმა დავით დონდუამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და შეაფასა ბოლო 31-ე რაუნდი. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების დღეს ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერა წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის ჩაშლისკენ მიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯს.

ქართველმა დიპლომატმა ეუთო-ს ტრიბუნიდან მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის უკანონო ქმედებები და კონსოლიდირებული მხარდაჭერით უპასუხოს რუსეთის აგრესიას. აქვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და თავისი ქმედებები მოიყვანოს შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებთან. 

02-for-web-THMBL.jpgეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა), ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის და შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტი და მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება, საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო. მათ გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს.

19.02.2015
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი